ირაკლი კობახიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა

20/02/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას ევროკომისიის ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და ევროკომისარს მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიძემ ოლივერ ვარჰეის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0