„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული მეექვსე კორპუსის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რეკონსტრუქციის შემდეგ განახლებულ კორპუსს ვახტანგ მეექვსის სახელი ეწოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, წიგნის პოპულარიზაცია საქართველოში განსაკუთრებული დატვირთვის მოვლენაა და ის მოხარულია, რომ ამ საქმეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.
„შარშან, როდესაც ბატონ გიორგი კეკელიძეს შევხვდით, გეგმებზე ვსაუბრობდით. ის ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების გეგმებს გვაცნობდა და დღეს, იმ შეხვედრიდან ძალიან მალე, უკვე შედეგებს ვხედავთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იქიდან გამომდინარე, რომ წიგნის პოპულარიზაცია არის განსაკუთრებული დატვირთვის მქონე მოვლენა ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ ამ საქმეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ნოდარ დუმბაძისა და გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტების გახსნის მნიშვნელობაზეც.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის თითოეულმა სტუმარმა კიდევ ერთხელ გაიხსენოს მათი მოღვაწეობა, მათი ნაშრომები და ეზიაროს ამ ცოდნას“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ გაწეული საქმიანობისთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ბიბლიოთეკის განახლებულ კორპუსს ვახტანგ მეექვსის სახელი ეწოდა.
„ ნამდვილად სიმბოლურია, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ამ მეტად მნიშვნელოვან კორპუსს ვახტანგ მეექვსის სახელი ჰქვია. გარდა იმისა, რომ ვახტანგ მეექვსე იყო პირველი სტამბის დამაარსებელი და პირველი წიგნი, რომელიც ამ ბიბლიოთეკაში ინახება, არის სწორედ მის სტამბაში დაბეჭდილი, ის იყო ჩვენი საამაყო კანონმდებელი და დღემდე, ქართველი იურისტები ვამაყობთ მისი ორი ნამდვილად ისტორიული ძეგლით, რომელიც ნამდვილად იყო შედევრი იმდროინდელი იურისპრუდენციისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
„გიორგი კეკელიძე დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად წარმოუდგენლად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. პრაქტიკულად, დღე არ გადის, რომ ძალიან საინტერესო პროექტი და ინიციატივა არ ითავოს დღეს ბიბლიოთეკამ. დღეს, როდესაც ბატონი გურამ შარაძის სახელობის დარბაზს ვხსნით და მაშინ, როდესაც ბატონი ნოდარ დუმბაძის დარბაზი გავხსენით, ეს არის სწორედ იმ რეალობასთან შეხება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ დიდი ქართველების დაფასება, რომელთა გვერდითაც, თუნდაც, სულ რამდენიმე წელი მოგვიწია ცხოვრება“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ საქართველოს პარლამენტს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ვახტანგ მეექვსის სახელობის კორპუსი თვისობრივად ახალი შენობაა, რომელიც თანამედროვე ევროპულ საბიბლიოთეკო სტანდარტს ექვემდებარება.
„ ვფიქრობ, არის ის, რაც დღეს თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, არის როგორც სახელით, ასევე, თვისობრივად სრულიად განახლებული შენობა, რომელიც იოლად ექვემდებარება თანამედროვე ევროპულ საბიბლიოთეკო სტანდარტს და მას აქვს სპეციფიკური მიმართულება“,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ. მისი თქმით, განახლებულ კორპუსში უკვე მოქმედებს ნოდარ დუმბაძისა და ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტები, ხოლო დღეს გურამ შარაძის კაბინეტი გაიხსნება, სადაც მისი პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და ნახატების უნიკალური კოლექცია განთავსდება.
„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა საქართველოს პარლამენტის ძალიან აქტიური მხარდაჭერის ფარგლებში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებულ კორპუსს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შემდეგ, ვახტანგ მეექვსის სახელი ეწოდა, რადგან ეს შენობა, საქართველოს ამ გამორჩეული მეფის მიერ დაბეჭდილი პირველი წიგნიდან მოყოლებული, საქართველოში გამოცემულ ყველა ნაბეჭდ ერთეულს ინახავს.
განახლებულ კორპუსში, ასევე, განთავსდება, ნიკოლოზ ბარათაშვილის სამკითხველო-საკონფერენციო დარბაზი, გიგლა ფირცხალავას, ბარბარე ჯორჯაძის, ალექსანდრე ქართველის, ნოდარ დუმბაძის, მაქსიმე ბერძენიშვილის, ჯანრი კაშიას და ვახტანგ როდონაიას კაბინეტები.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის განახლებული მეექვსე კორპუსი გახსნა
17/10/2017