ირაკლი ბერაია თურქეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

21/01/2023

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ანკარაში, თურქეთის თავდაცვის მინისტრს, ჰულუსი აკარს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობაზე. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ქართულ დელეგაციასა და თურქეთის თავდაცვის მინისტრს შორის შედგა გულთბილი და საქმიანი შეხვედრა, სადაც მასპინძელმა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, ასევე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში თურქეთის და მისი უწყების სრული მხარდაჭერა.

„ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, განსაკუთრებით საამაყო იყო თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მხრიდან მჭიდრო პარტნიორობის, მეგობრობის და ნდობის ხაზგასმა მისი ქართველი კოლეგის, მინისტრ ბურჭულაძის მიმართ,” – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ქართულმა დელეგაციამ თურქეთის თავდაცვის მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0