ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს

09/02/2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან, პარლამენტის მაჟორიტარ წევრ დავით სონღულაშვილთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ნუგზარ პაპიაშვილთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მინისტრი ქ. დედოფლისწყაროში პროგრამა
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო, ხოლო შემდეგ დალის წყალსაცავს ეწვია, სადაც აქტიურ ფაზაშია დედოფლისწყაროს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნული პროექტი მოიცავს ქალაქ დედოფლისწყაროსა და 15 სოფლის (ხორნაბუჯის, სამრეკლოს, ფიროსმანის, სამთაწყაროს, თავწყაროს, ჭოეთის, საბათლოს, ზემო ქედის, ქვემო ქედის, არხილოსკალოს, გამარჯვების, ოზაანის, არბოშიკის, ზემო მაჩხაანის და მირზაანის) წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ცენტრალიზებული სისტემა, რეაბილიტირდება და აშენდება რეზერვუარები, ჭაბურღილები, სატუმბო სადგურები და სათავე ნაგებობები, რასაც ჯამურად 58 მილიონი ლარი მოხმარდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა 24 სთ-იანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ირაკლი ქარსელაძე კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან, პარლამენტარ დავით სონღულაშვილთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად სოფელ სამთაწყაროშიც იმყოფებოდა, სადაც საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია-გამაგრება მიმდინარეობს. სკოლა 330 ბავშვზე გათვლილი. პროექტის ფარგლებში ხორციელდება წყალმომარაგების, ელექტროენერგიის, გათბობის, ვენტილაციისა და სახანძრო სისტემების განახლება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0