ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ახალი გლობალური სტანდარტი

01/11/2016

მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა” (OECD) და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობით, გაიმართა გაცნობითი ხასიათის სამუშაო შეხვედრა, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის ახალი გლობალური სტანდარტის შესახებ.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის წევრ სახელმწიფოებში „ერთიანი ანგარიშგების სისტემის“ (CRS) დანერგვის შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ბანკების ასოციაციის, ფინანსური ინსტიტუტებისა და საკონსულტაციო სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრას ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის გლობალური ფორუმის წარმომადგენლებთან ერთად, უძღვებოდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ანგარიშგების სტანდარტი „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიერ დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის სექტემბერში შემუშავდა და დღეისათვის მასში 100-მდე სახელმწიფოა ჩართული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0