ინფორმატიკის ოლიმპიადაში მასში რეკორდულად ბევრმა – 30-მდე ქვეყანამ მიიღო მონაწილეობდა

13/09/2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI) გამარჯვებულ მოსწავლეებს სამინისტროში უმასპინძლა და წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებმა: ლუკა მოსიაშვილმა – ოქროს, იოსებ რიგვავამ – ვერცხლის, ხოლო ქეთა ციმაკურიძემ და ლუკა მელაძემ – ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოსიაშვილი ევროპის ოთხ უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. 13-19 სექტემბერს ქართველი მოსწავლეები უკვე მსოფლიოს 32-ე ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, მოსწავლეებმა შეძლეს, თავიანთი განსაკუთრებული შესაძლებლობები გამოევლინათ ევროპის მასშტაბით და გამარჯვება მოეპოვებინათ. მინისტრმა ახალგაზდებს მსოფლიოს 32-ე ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს ისტორიული მნიშვნელობის მეგაპროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კონცეფცია გააცნო და ამ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ჩართვა შესთავაზა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი ასპარეზი იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა 2-6 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობამ საქართველოს შესაძლებლობა მისცა, ეჩვენებინა ქვეყნის მიღწევები თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. მისი შეფასებით, საქართველომ შეძლო, მაღალი ხარისხის ღონისძიების ორგანიზება ევროპულ დონეზე. გლობალური პანდემიისა და ფორსმაჟორული სიტუაციის მიუხედავად, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საქართველომ მაღალი შეფასება და განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადის – EJOI-ის პრეზიდენტ კრასიმირ მანევისგან, ოლიმპიადის საერთაშორისო კომიტეტის წევრებისაგან, ბოსნია- ჰერცეგოვინის, უკრაინისა და ოლიმპიადის მონაწილე სხვა ეროვნული ნაკრები გუნდების ლიდერებისგან.
ინფორმატიკის ოლიმპიადაში მასში რეკორდულად ბევრმა – 30-მდე ქვეყანამ მიიღო მონაწილეობდა. ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფდა, ორგანიზებას კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი უწევდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ევროპის ინფორმატიკის მე-5 ახალგაზრდული ოლიმპიადა, მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში ტრადიციულ ფორმატში ჩატარდება და მას კვლავ საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0