ინფიცირების რაოდენობა მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს

24/09/2020

შეზღუდვების მოხსნა ბუნებრივად გამოიწვევდა მობილობის გაზრდას და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, წესრიგისა და წესების დაცვის თვალსაზრისით, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წესების დაუცველობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან წესები.

„პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ კონკრეტულად და ნათლად ისაუბრა იმ პოლიტიკაზე, რაც მთავრობას, ჯერ კიდევ პირველი დღეებიდან მოყოლებული, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით ჰქონდა – საკმაოდ თანმიმდევრული, რაციონალური და პროგნოზირებადი პოლიტიკა, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვატარებდით. ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა და დღეს ამ რეალობის წინაშე ვიმყოფებით. შეზღუდვების მოხსნა ბუნებრივად გამოიწვევდა მობილობის გაზრდას და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, როგორც მთავრობის, ისე თითოეული ჩვენგანის, მოქალაქეების, წესრიგისა და წესების დაცვის თვალსაზრისით, ბუნებრივია, უფრო მეტად იზრდება. წესების დაუცველობა პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ და ყოველი საბჭოს შემდეგ, გვსურს, საზოგადოებას მოვუწოდოთ, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები, რომელთა დაცვითაც, ჩვენ, დღეს, ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ადაპტაცია გვიწევს, რა ფაზაშიც, ფაქტობრივად, ვიმყოფებით. ადაპტაციისა და მართვის ფაზაში გადავედით შეკავების ფაზიდან, რომელსაც პირველი ეტაპიდან, მთავრობა ახორციელებდა. მიზანი და ამოცანა იყო ვირუსის გავრცელების მაქსიმალური შეკავება”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე განმარტა, რატომ არ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, როდესაც ინფიცირების შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო.

„თავიდან საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ სისტემა მოგვემზადებინა, შეგვეძინა მეტი ცოდნა ვირუსის მართვასთან დაკავშირებით, შეგვემცირებინა მობილობა და რაც მთავარია, ამ გზით მაქსიმალურად შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. მსოფლიო პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ამ მიმართულებით, ჩვენი სტრატეგია იყო სწორი, რადგან რეალურად, ჩვენ თავიდან ავირიდეთ საკმაოდ დიდი ადამიანური დანაკარგები. ხშირად ისმის კითხვები, რას ვგულისხმობთ მომზადებაში. უკეთეს მზაობაში, დღეის მდგომარეობით, ვგულისხმობთ იმას, რომ სამედიცინო საშუალებების სრული მარაგი გვაქვს, გადამზადებულია მედპერსონალი, მათ შორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, იგივე საწოლ ფონდთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ, ამ დეტალებზე ბევრს არ ვისაუბრებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ვხედავთ, რომ რეალურად, ინფიცირების რაოდენობა მზარდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ ვირუსი გაქრა და დავამარცხეთ, ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსი არსად გამქრალა, მას ცალკე აღებული ქვეყანა ვერ დაამარცხებს, ამის ილუზია ჩვენ არ უნდა გვქონდეს. საზოგადოებამ ეს კარგად უნდა გაიგოს, მანამ ვიდრე ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი, გლობალური საშუალება არ შეიქმნება, ან ვაქცინა არ იქნება, ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაგრძელოთ ცხოვრება ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვით,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის თანმიმდევრულ მოქმედებაზე და აღნიშნა, რომ დღესაც, ისევე, როგორც აქამდე, გეგმაზომიერი და აბსოლუტურად მიზნობრივია ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს.

„დღეს, რეალურად, ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვიმყოფებით. ეს სტადია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ეს არის სწრაფი გამოვლენა და გავრცელების შენელება, კლინიკური მართვა და სწრაფი დაბრუნება ეკონომიკურ აქტივობაში. ბუნებრივია, როდესაც სწრაფ გამოვლენაზე და გავრცელების შენელებაზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ, დღეს, გაცილებით ეფექტიანად ვმართავთ ცხელების ცენტრებს, გაცილებით ეფექტიანად მუშაობს 112, ინტენსიურად ხდება კონტაქტების დადგენა და იზოლირება, ვიყენებთ კარანტინს, როგორც ვირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთ საშუალებას, ვატარებთ ფართომასშტაბიან ტესტირებას, ხდება სიმპტომიანი პაციენტების მიზნობრივი ტესტირება და გაზრდილია მაღალი რისკჯგუფების გეგმური ტესტირება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა კლინიკურ მართვაზე და აღნიშნა, რომ სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში მსუბუქი შემთხვევების მართვის გეგმა უკვე წარმატებით მუშაობს.

„ეს სისტემა უკვე საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს აჭარაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მძიმე შემთხვევების მკურნალობა ხდება საავადმყოფოში, შედარებით მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – ე.წ. „კოვიდ-სასტუმროებში” და მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა – საცხოვრებელ ადგილას, სადაც საამისოდ სათანადო პირობები არსებობს. იქ, სადაც სათანადო პირობები არ არსებობს, გამოიყენება „კოვიდ-სასტუმროები”. ვინ სად განთავსდება და სად განაგრძობს მკურნალობას, ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სპეციალისტები იღებენ. კლინიკური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ერთიანი მენეჯმენტით და ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად. ბუნებრივია, კლინიკური მართვის ნაწილში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები გვქონდეს, რადგან სეზონურ გრიპებსაც ველოდებით, რომელიც შესაძლოა ამ პროცესს წამოეწიოს და ეს სიახლე არაა,” – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპის მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება არის სწრაფი დაბრუნება ცხოვრების ახალ, ჩვეულ რიტმში.

„ეს გულისხმობს ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ცხოვრებას გარკვეული წესებით, ამ წესების კიდევ უფრო მეტად სწავლას და რაც მთავარია, პასუხისმგებლობის გაზიარებას. ეს არ გახლავთ მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა, ეს არის საერთო, ჩვენი, როგორც მოქალაქეების საერთო პასუხისმგებლობა, რომ ელემენტარული წესები დავიცვათ, იმიტომ, რომ რაც უფრო მაღალია ეს პასუხისმგებლობა, ნაკლებია გავრცელება. ბუნებრივია, ეტაპობრივად მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება. ამისთვის ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს და როდესაც პრევენციულ ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება ქვეყნის მთლიანად ჩაკეტვა, როგორც ეს მარტში და აპრილში იყო, არ იგულისხმება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი, აქ იგულისხმება მიზნობრივი, წერტილოვანი, ლოკალური ხასიათის შეზღუდვები, მაგალითად ისეთი, როგორიც ახლა, ამ მომენტშიც გვაქვს დაწესებული აჭარაში. ეს ღონისძიებები აუცილებელია, რადგან ალბათ არავის უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ამ პერიოდში, ჯანდაცვის სისტემის რადიკალური გარდაქმნა მოხდებოდა. ეს რესურსები, ბუნებრივია, არ არის ამოუწურავი, აქაც, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ”, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აჭარის რეგიონში, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა გახდა საჭირო.

„ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, აჭარაში, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს; ასევე, გარკვეულ ეტაპზე მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ამის საჭიროება იქნება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საზოგადოებას სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენის თემაზე მიღებული გადაწყვეტილებაც გააცნო და აღნიშნა, რომ ყველგან, სადაც დღეს დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან, I-VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლას ფიზიკურად, საკლასო ოთახებში განაგრძობენ.

„ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა ყველა კლასის მოსწავლეებისთვის გაგრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, იქ, სადაც დღეს, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს და 1-ლი ოქტომბრიდან ფიზიკურად, საკლასო ოთახებში გრძელდება, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელიც, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ისინი სწავლებას ამ ეტაპზე დისტანციურად განაგრძობენ”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0