ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია

20/02/2023

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა – ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო, რომლის სხდომაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. კომისიის სხდომაში, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელი პირები.
კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი. სამუშაო ჯგუფი და კომისია სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეაფასებს შემოსულ განაცხადებს ერთი თვიდან ორი თვემდე პერიოდში (დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე). განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკურ, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0