ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხები და ინვესტორებისა და ბიზნესისთვის აქტუალური თემები განიხილეს

22/03/2024

საქართველოში ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის განვითარება, შუა დერეფნის მნიშვნელობა, კომერციული არბიტრაჟის გაძლიერება, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა იყო დღის წესრიგის ძირითადი თემები ინვესტორთა საბჭოს 22-ე სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა. საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი გაძლიერების პროცესში ინვესტორებისა და ბიზნესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია. ინვესტორთა საბჭოში შემავალი წევრი ბიზნესასოციაციების და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს. საბჭოს წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0