აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის – მისი კოლეგებისა და მეგობრებისთვის. ლევან ნიჟარაძე, როგორც მაღალპროფესიონალი დიპლომატი, ორ ათწლეულზე მეტია ემსახურება სამშობლოს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლიდან ლევან ნიჟარაძე ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკას დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნეპალის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლევან ნიჟარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს.