იმპროვიზირებულ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა სახეებმა

27/04/2016

ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და „ვისოლმა“, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ სიმბოლური სატესტო გარბენებით (Test Drive) მოუწოდეს.
შეჯიბრში და იმპროვიზირებულ წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა სახეებმა, გორის მე–12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში საქართველოს რეგიონებისკენ მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია, შესაბამისად, იმისათვის, რომ მძღოლებმა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ბედნიერად აღნიშნონ დღესასწაული, დავით ქაცარავამ, გოგა ჩანადირმა, ლიზა ვადაჭკორიამ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა მათ უსაფრთხო მგზავრობის წესები გააცნეს და ბედნიერი მგზავრობა უსურვეს.
კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკია, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ კამპანიის პოპულარიზაციაზე ზრუნავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0