იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი გრძელდება

19/05/2022

იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი გრძელდება. სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე და გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ოთხ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. მუნიციპალიტეტებში პროექტები, როგორც საავტომობილო გზების ასევე, რეკრეაციული სივრცეების, ფასადებისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებითაც ხორციელდება.

“ქუთაისში, წყალტუბოში, ხონსა და სამტრედიაში დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება ჯამში შეადგენს 57 000 000 ლარს. ყველა პროექტი მიმდინარეობს სახელშეკრულებო გრაფიკის შესაბამისად და აქაც მრავალფეროვანი პროექტები გვაქვს, სადაც შედის, როგორც საავტომობილო გზები, წყალმომარაგება ასევე, სოფლის ამბულატორია და სხვა“ – ზვიად შალამბერიძე.

ქუთაისში დაწყებულია ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია. განახლდება და სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა შენობის ფასადი, ინტერიერი, სახურავი, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები. პროექტი დაფინასებულია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ და მისი ღირებულებაა 1 583 866 ლარი. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს “ასსაფეხურიანი“ კიბის რეაბილიტაცია.

მონიტორინგის ფარგლებში ხელისუფლების წევრები ხონის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის მიმდინარეობასაც გაეცნენ. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით 1 744 995 ლარით დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში ბულვარში შეიცვლება ღობე და ფილები, მოეწყობა ველობილიკი და ამფითეატრი, საბავშვო სივრცეები, ასევე განახლდება ფლორა, დამონტაჟდება ძელსკამები. აღსანიშნავია, რომ პროექტი არის სრულად ინკლუზიური და გათვალისწინებულია ყველა მოწყვლადი ფენის საჭიროებები. სამტრედიაში, ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩხენიშში, ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებით ახლოს მდებარე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ არის დაფინანსებული. ოთხივე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით სამუშაოები გრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მშენებელი კომპანიებისგან და სპეციალისტებისგან, კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0