ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სრული რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია

30/09/2016

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარში, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სრული რეაბილიტაციის პროცესი დასრულებულია. იგი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ერთადერთი კოლეჯია, რომელიც უახლეს ხანში ფუნქციონირებას დაიწყებს.
სასწავლებელი 300 სტუდენტზეა გათვლილი, სადაც ახალგაზრდები ისეთ პროფესიულ პროგრამებს შეისწავლიან, რომლებიც რეგიონის შრომის ბაზარზე მოთხოვნადია. საგანმანათლებლო ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელოსნოებით, ლაბორატორიებით უკვე აღიჭურვა. მისი შენობის სრული რეკონსტრუქცია, განათლების სამინისტროს ინიციატივით, ერთი წლის წინ დაიწყო. კერძო სექტორის მოთხოვნებიდან და რეგიონში არსებულ სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალისტთა დეფიციტიდან გამომდინარე დღევანდელობისთვის მიზანშეწონილი გახდა სასწავლებლის გახსნა ამ რეგიონში. მცხეთა-მთიანეთში 20-მდე კერძო კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც მჭიდროდ ითანამშრომლებენ სასწავლებელთან და სტუდენტების დასაქმებას შეუწყობენ ხელს.
2015 – 2017 სასწავლო წლისთვის საზოგადოებრივი კოლეჯი უკვე აცხადებს სტუდენტების მოღებას შემდეგ სპეციალობებზე: მეფუტკრეობა, მეხილეობა და მევენახეობა – მეღვინეობა. აღნიშნულ სპეციალობებზე სწავლა უფასო იქნება. სტუდენტები მეხილეობის სპეციალობაზე მიიღებენ სტიპენდიას გაეროს განვითარების პროგრამოდან, ხოლო მევენახეობა – მეღვინეობის სპეციალობაზე მოსწავლეები ახალი, გერმანული მეთოდით ისწავლიან. ისინი საწარმოში პრაქტიკული სამუშაოებით დაკავდებიან, სადაც მიიღებენ ხელფასს კომპანიისაგან, ხოლო თეორიულ შესაბამის ცოდნას პარალელურად კოლეჯში დაეუფლებიან. მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომელთაც ზოგადი სრული განათლება აქვთ მიღებული, ერთიანი პროფესიული ტესტირების საფუძველზე მოხდება 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით კოლეჯსა და რესურსცენტრებში. შემდგომში იგეგმება სასწავლებლის გაფართოება რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. ამჯერად, სტეფანწმინდაში არსებული კორპუსი გადაეცა სასწავლებელს ფუნქციონირებისათვის.
საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა ილია წინამძღვრიშვილმა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა 1883 წელს, საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა. 1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 2006 წლის მონაცემებით, სასწავლებელი ორიენტირებული იყო აგრარულ მიმართულებებზე. 2010 წელს პროფესიული სასწავლებლის ლიკვიდაცია განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0