ილია ელოშვილი N85 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

21/01/2019

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, N85 საჯარო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მერის მოადგილემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა და ახლადგარემონტებული ჯგუფები დაათვალიერა.

„მინდა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება მივულოცო მშობლებს, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა, ბავშვებს. თბილისის ყველა ბაღი სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა. სკოლამდელი აღზრდა მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. არდადეგების პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ 180-ვე ბაღში, როგორც საჭირო სარემონტო სამუშაოები, ასევე ყველა ის სადეზინფექციო სამუშაო ჩაგვეტარებინა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ზამთრის არდადეგების პერიოდში, ზოგიერთ საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. N85 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ცალკე შენობაში გადატანა მოხდა, მის ადგილას კი ორ-სამწლიანთა ჯგუფისთვის ინდივიდუალური შესასვლელით, იზოლირებული საპირფარეშოთი და სათავსოებით, ახალი ოთახი მოეწყო. ბაგა-ბაღს ასევე, ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო კაბინეტები დაემატა.
დედაქალაქში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას უფასოდ იღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0