ილიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა

14/09/2019

ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 112 წელი შესრულდა. საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, დიდი ქართველი შემოქმედის ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა. დასახელდნენ პრემია „საგურამოსა“ და ილიას მედლის ლაურეატები, რომლებიც 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაჯილდოვდებიან. ილიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრო.

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ დიდი მწერლის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ხსოვნას. ილიას ცხოვრების მთავარ მიზანს ქართველი ერის გამოფხიზლება, მასში თავისუფლების სიყვარულისა და ბრძოლისუნარიანობის გაღვივება და სწავლა-განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. სწორედ ამ იდეებით არის განმსჭვალული მისი შემოქმედება, რომელზეც თაობები აღიზარდნენ და აღიზრდებიან. ილიას ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

ღონისძიების ფარგლებში, კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. ილიას მუზეუმის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ უმასპინძლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0