ივლისში თბილისი უმასპინძლებს ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს

24/05/2018

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც აშშ-ის პოლიტიკური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზეიმო ღონისძიებების სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენთან ერთად ვიმყოფებოდი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ დღევანდელ კონფერენციაზე. ჩვენ ძალიან მალე ვიზეიმებთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. უნდა აღვნიშნო, რომ დიდებული ვიზიტი იყო. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ერთობლივად ჩავატარეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის პლენარული სხდომა. სახელმწიფო მდივან პომპეოსგან მოვისმინეთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ნათელი და მკაფიო გზავნილები. აქ, მშვიდობის ინსტიტუტში ჩვენ მოვისმინეთ კონგრესმენების, სენატორების, საქართველოს მეგობრების კომენტარები, განცხადებები და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ერთი საათის წინ შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, რომლის დროსაც მან საქართველოსადმი მხარდაჭერა განამტკიცა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილებია! ეს ეგზისტენციალური გზავნილებია საქართველოსთვის იმ ფონზე, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს და უზომოდ მადლიერნი ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამ დარბაზში საქართველოს ბევრ მეგობარს ვხედავ. ალბათ აქ მეგობრების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა ერთ კვადრატულ მეტრზე, რაც მე ძალიან მახარებს და მაიმედებს ჩვენი ერთობლივი მომავლის მიმართ.
ასი წელი შეიძლება, მოკლე პერიოდი იყოს საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, თუმცა ამ პერიოდში მომხდარის გათვალისწინებით იგი განსაკუთრებით სამახსოვრო და მნიშვნელოვანია. ამ პერიოდის დიდ ნაწილში ჩვენ პირქუში და რთული დღეების გადატანა მოგვიწია და მე მაოცებს ქართველი ხალხის შეუპოვრობა. ყველაზე შავბნელ დროსაც კი ჩვენ, ქართველები, ვგრძნობდით ბევრი თქვენგანის, აქ მყოფის, და ბევრი მათგანის, ვინც დღეს ჩვენთან აღარ არის, მეგობრობისა და მხარდაჭერის სითბოს. როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უნდა გვახსოვდეს ისინი, ვინც დიდი წვლილი შეიტანა მის ხორცშესხმაში: ზბიგ ბრჟეჟინსკი, პოლ ჰენზი, ბობ უოლში, ბილ ოდომი, ჯონ შალიკაშვილი, ძმები ზალდასტანები, ალექსანდრე ქართველი და სხვანი, რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებაში. მადლობა მათ. ჩვენი ურთიერთობების პირველივე დღიდან საქართველო იყო ბევრი წარმატებული ამერიკელის ბენეფიციარი. თქვენ ჩვენ გვიგზავნით გამჭრიახ დიპლომატებს და აღმშენებლობისა და წარმატების მისაღწევად გვთავაზობთ ექსპერტთა განსაკუთრებულ მომსახურებას ისეთი დიდი ამერიკული ინსტიტუტების მხრიდან, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საგარეო კერძო ინვესტიციების კორპორაცია, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და სხვანი. ჩვენ დიდ ვალში ვართ კონგრესის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების წინაშე. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ არ ვიქნებოდით ის, ვინც ვართ დღეს. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ.
მივმართავ დღევანდელ გამომსვლელებს: მადლობა თქვენი იდეებისა და სიტყვებისთვის. ასევე მადლობა ამ კონფერენციის მასპინძელ ორგანიზაციებს – აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს და „ჰერითიჯის ფონდს”. გმადლობთ საქართველოს მხარდაჭერისთვის. მიმდინარე წლის ივლისში თბილისი უმასპინძლებს ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისა და ინსტიტუციური განვითარების პროცესში მიღწეული წარმატების მკაფიო დადასტურებაა. ბევრი თქვენგანი ამ მიღწევების უშუალო მონაწილეა. დღეს მე მომავლის დიდი იმედითა და რწმენით ვდგავარ თქვენს წინაშე. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომდევნო 100 წელი დაეფუძნება გასულ 100 წელიწადს. ჩვენი ხედვა და ღირებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული: მშვიდობიანი, უსაფრთხო და აყვავებული მსოფლიო, სადაც ყველა იცხოვრებს თავისუფლად. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სენატორ იანგს ამ ჩვენთვის ყველასთვის ძალზედ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასწრებისთვის, რადგან სულ მალე საქართველოს დემოკრატიის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ახლა კი გთხოვთ, შემომიერთდეთ მიღებაზე, რომელიც ეძღვნება ქართველებისთვის, მისი მეგობრებისთვის – და უპირველეს ყოვლისა ამერიკელებისთვის – ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა!”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0