საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი სატრანსპორტო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, კერძო სექტორის (მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის) ხელშეწყობის, DCFTA-ის აღმოსავლეთის ინიციატივისა და InnovFin-ის ინსტრუმენტების გამოყენებით, ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბარი, ასევე, შეეხო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელზეც მიიმართება ბანკის მიერ გამოყოფილი ახალი, 250 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. როგორც აღინიშნა, ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ხვალ, 19 თებერვალს გაიმართება. დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.
ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
18/02/2019