ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

24/09/2018

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ კნირშს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა ელჩს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და გამოთქვა იმედი, რომ მისი ელჩობის პერიოდში საქართველო-გერმანიის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
მხარეებმა ძირითადად ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით ხორციელდება.
შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ხელს შეუწყობს ქართულ-გერმანული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და ახალ დონეზე გადასვლას.
ჰუბერტ კნირშმა გამოთქვა მზადყოფნა, მხარეებმა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0