თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ – სასიცოცხლო საჭიროებაც

04/01/2018

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ – სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა – სასიცოცხლო აუცილებლობა, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც, პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ძველი აღთქმის“ სრული აკადემიური გამოცემისა და „მცხეთური ბიბლიის“ ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა.

„თქვენო უწმინდესობავ, მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყველა ჩვენგანისთვის – თქვენი იუბილე; ასევე, მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე; მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება. თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც. იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა – სასიცოცხლო აუცილებლობა. ამიტომ, მინდა გისურვოთ დიდხანს მეუფება, მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, რასაც თქვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად აკეთებთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ იმედისთვის, ყველა იმ ნუგეშისთვის, რომელსაც თქვენ უხვად უზიარებთ ჩვენს ქვეყანას“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს.

პრემიერმა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის – „ძველი აღთქმისა“ და „მცხეთური ბიბლიის“ დასრულება მიულოცა ყველას და ამ საქმეში ჩართულ სამეცნიერო გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არის კიდევ ერთი ბურჯი ჩვენი ეკლესიის სიძლიერის, ჩვენი ავტოკეფალიის განმტკიცების საქმეში. მინდა, მივულოცო იმ სამეცნიერო გუნდს, რომელმაც ამ გამოცემებზე იმუშავა, მინდა მივულოცო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ბატონ ზაზა აბაშიძეს და ყველა მეცნიერს. რა თქმა უნდა, ეს გამოცემები არის იმ ადამიანების სახელების უკვდავყოფაც, რომლებმაც თაობების მანძილზე იმუშავეს ამ ორ უმნიშვნელოვანეს გამოცემაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველას მიულოცა ახალი წელი და დამდეგი შობის დღესასწაული.

საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასულიერო პირები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0