თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უზრდელობს

07/06/2016

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2” არჩევნებს უნდა შეხვდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვას უპასუხა.
”ჩემი სურვილი იქნება ეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სასამართლო პროცესის გარჩევას ვერ დაიწყებს პირდაპირ ეთერში, რადგან ეს შეუძლებელია, თუმცა განაცხადა, რომ დღეს სასამართლო არის თავისუფალი და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის იღებს.

”დღეს არ მინდოდა გამეხსენებინა, რომ თქვენი დირექტორი ძალიან ხშირად უხეშ სიტყვებს ხმარობს, უზრდელობს და ამიტომ გამოაძევეს სასამართლო პროცესებიდან, თუმცა ეს არ არის ჩემთვის საინტერესო”, – მიმართა ივანიშვილმა ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.

მან განაცხადა, რომ 9 წლის განმავლობაში სასამართლო არ არსებობდა, მოსამართლეები დამონებული ჰყავდა პროკურატურას და დღეს სასამართლომ თვითაღდგენა დაიწყო.

”დამონებული ჰყავდათ მოსამართლეები, ციხეები გატენილი იყო ხალხით, ართმევდნენ ყველაფერს, კლავდნენ და აწამებდნენ ვისაც უნდოდათ. ამას ”აპრავებდნენ” ”რუსთავი 2” და სხვა ტელევიზიები. დღეს სასამართლოთი გელაპარაკებიან თქვენ და არა მუშტი-კრივით და წამებით. 9 წლის განმავლობაში შავს თეთრად აჩვენებდით. დღეს კეთილი ინებეთ და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდეთ. ერთადერთი ინსტანციაა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა გაიხსენა რომ, როდესაც ”იმედი” დაარბიეს, მთავარი პროკურორის მოადგილე იყო ნიკა გვარამია, რომელიც დღეს თავისუფალი სიტყვის დამცველად გამოდის.

”რა უნდა გვარამაის? გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც ”იმედის” ჟურანალისტები იატაკზე გართხმული იყვნენ და ტელევიზია წაიღეს. დღეს გამოდის და თავისუფალი მედიის სიმბოლოდქცეულ ”რუსთავი 2”-ს იცავს. ყარამანიშვილები აღარც კი ბედავენ გამოსვლას. სააკაშვილის ტელევიზიას დღეს გვარამია იცავს, როგორ მოგწონთ ეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0