თუ “ჰუმანით ჯორჯიას” აქტივობები მედიკამენტებზე ფასების შემცირებას გამოიწვევს, ჩვენ ამას მივესალმებით

15/01/2016

თუ კომპანია “ჰუმანით ჯორჯიას” აქტივობები შედეგად გამოიღებს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას მივესალმებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. აღნიშნულმა კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.
“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, “ჰუმანითის” ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალყურს ვადევნებთ ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ, ამ ნაბიჯების გადაგმას და ვფიქრობ, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება, რომ თვალყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს. თუკი ამ კომპანიის აქტივობები შედეგად გამოიღებს მედიკამენტებზე ფასების შემცირებას კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის სისტემას.
შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ”ჰუმანითიჯორჯია” შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითიჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვიდა. კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერტიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0