პლენარული სხდომა პარლამენტის წევრთა განცხადებებით დაიწყო. დეპუტატ, ეკა ბესელიას განცხადება პოლიტიკურ უფლებებსა და ბიზნესის დაცვას ეხებოდა, რომელიც მისი თქმით, საბოლოოდ მართლმსაჯულებას უკავშირდება.
„თუ ქვეყანაში ვერ შევქმნით გარანტიებს, რომ სასამართლო სამართლიანი და დამოუკიდებელი იყოს, ეს აისახება როგორც ინსტიტუტების მუშაობაზე, ასევე ბიზნესის თავისუფლებასა და ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მან კოლეგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ მოვამზადეთ ახალი კანონპროექტი, რომელიც გამოხატავს არა მარტო ჩვენს მოსაზრებებს, არამედ ეხება იმ სტანდარტს, თუ როგორ უნდა იყოს არჩეული პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის ინფორმაციით კანონპროექტის ინიცირება მიმდინარე კვირაში მოხდება. მისივე თქმით, ეს ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეთანხმებულ პრინციპებს.
„ის ეფუძნება საჯაროობას, ღიაობას, პარლამენტის გადამწყვეტ ფუნქციასა და მანდატს. იმედი მაქვს, ამ ინიციატივას ეყოლება არა მხოლოდ ბევრი მხარდამჭერი ხელმომწერის სახით, არამედ მხარდამჭერი მისი განხილვის დროს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, გუშინ გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან დაკავშირებული საკითხის საკომიტეტო მოსმენა.
„არაორდინალური იყო საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან დამოკიდებულება და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული აჟიოტაჟის შექმნა იმასთან დაკავშირებით, დახურულ ფორმატში უნდა ჩაგვეტარებინა თუ არა სხდომა, სადაც განიხილებოდა სენსიტიური საკითხი. ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ მივიღე, იყო აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, კომიტეტის სხდომები წარიმართოს შინაარსობრივად და კონსტრუქციულად.
„ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენი პოლიტიკა არის ერთმნიშვნელოვნად სწორი. ეს არის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება და მძიმე ვითარების მიუხედავად, ვთვლი, რომ ჩვენი ინიციატივები საბოლოოდ შედეგებს გამოიღებს. რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას, ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს და ეს, ასევე, არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. რუსეთის დამოკიდებულება არახალია, თუმცა ჩვენ გვაქვს პრინციპული მიდგომა და აუცილებლად გავაგრძელებთ იმ საგარეო პოლიტიკას, რაც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის არჩევანია“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება „ბავშვის უფლებათა კოდექსს“ ეხებოდა. მისი თქმით, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ სახელმწიფო, რომელიც მაღალ ხარისხში აიყვანს ადამიანის უფლებებს, დაცული უნდა იყოს ყველაზე პატარა მოქალაქეების უფლებები.
მისივე მოსაზრებით, ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ერთ-ერთმა ინიციატორმა, სოფო კილაძემ წარადგინა კომიტეტების გუშინდელ გაერთიანებულ სხდომაზე, არის ფუნდამენტური საკანონმდებლო აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ამ სექტორში პასუხისმგებელმა ნებისმიერმა უწყებამ.
„ეს განსკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები; სადაც ერი არის დაბერების აქტიურ ფაზაში და სადაც დაბალი შობადობა ფიქსირდება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლის, ოთარ კახიძის განცხადება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას შეეხო. მისი მოსაზრებით, განაჩენი, რომელიც სასამართლომ გუშინ გამოიტანა, პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის დადასტურებაა. მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაციები შესრულებული არ არის. პოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი კანდელაკმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს საბოლოო დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება. მას მიაჩნია, რომ დასკვნა კრიტიკულია. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ, დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ თიბისი ბანკის საკითხის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, 2018 წელს ჩატარდა, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ინდუსტრიული ნაწილის ანალიზი, რაც გულისხმობდა ფინანსურ ხელმისაწვდომობის ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტს და მასში მონაწილეობდა 100 ბენეფიციარი.
„კვლევამ გამოავლინა ჩვენი მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის ზეგავლენა დასაქმებაზე, მთლიან შიდა პროდუქტზე, გადასახადებსა და ა. შ.“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებაა, ეს პროგრამა კიდევ უფრო გადახალისდეს და კიდევ უფრო მეტ მეწარმეს დაეხმაროს. უმრავლესობის წარმომადგენელმა, კარლო კოპალიანმა თიბისი ბანკთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„თიბისი ბანკთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე სიტყვა განვაცხადო, მოუწოდო ე.წ ოპოზიციას, ნაც მოძრაობა მყავს მხედველობაში, ნუ შეურაცხყოფენ ქართველ ხალხს და ნაცარს ნუ აყრიან თვალებში, რადგან თქვენ არ გაქვთ უფლება, ილაპარაკოთ თიბისი ბანკის და ზოგადად ბანკირების უფლებების დარღვევებზე, და პრობლემის პოლიტიზირებაზე“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.
მან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას ბანკებზე განხორციელებული ზეწოლების ფაქტები ქრონოლოგიურად შეახსენა ოპოზიციას. მისი თქმით, არავინ ახსენებს ლონდონის საბჭოს გადაწყვეტილებას, ბანკთან დამთავრებულ დავას და აღიარებულ ჯარიმას. დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სარეიტინგო სააგენტომ( Fitch Ratings), რომელიც მსოფლიოს დიდი სამეულის წარმომადგენელია, საქართველოს მისცა რეიტინგი „სტაბილური“.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის. ეს სააგენტო ზომავს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებს. 2012 წლის შემდეგ პირველად მან შეცვალა თავისი რეიტინგი ჩვენთან მიმართებაში. ეს არის ისტორიული რეიტინგი. ჩვენ გვაქვს ყველანაირი შანსი კიდევ უფრო დავწინაურდეთ. ეს რეიტინგი გავლენას იქონიებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც მეტი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას შექმნის“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, ეს არის საქართველოს მიმართ გამოცხადებული ნდობა და ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების აღიარებაა. დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო, მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.
„საქართველოს პარლამენტის პატრონაჟით მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანას და გულისხმობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებისთვის შესაბამისი კრიტერიუმების დადგენას. პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით. შესაბამისი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ამ პროცესში ჩაერთვება ვენეციის კომისია და უზრუნველყოფილი იქნება პროცესის უპრეცედენტო გამჭვირვალობა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელსაც უმრავლესობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. პროექტის ინიცირება პარლამენტში ძალიან მალე მოხდება. თავის გამოსვლაში მან ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა განცხადება ტელეკომპანია „სტერეო პლუსთან“ დაკავშირებით გააკეთა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტელევიზია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სასტიკად დაარბიეს. მისივე თქმით, 2012 წლიდან დარბევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
„წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 40-ზე მეტი ტელევიზია წაართვეს კანონიერ მფლობელებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავით ზილფიმიას დაუბრუნდა წართმეული ქონება, მაგრამ სრულიად განადგურებულ მდგომარეობაში. დარბევის ნაწილში, ყველა სასამართლო დავა მოიგო ზილფიმიამ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც აღნიშნული ტელეკომპანია დაარბიეს, ბოლო პერიოდში კვლავ მოინდომეს მისი ხელში ჩაგდება. ირმა ინაშვილმა მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, მოეწყოს საკომიტეტო მოსმენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მისი მოსაზრებით, საქმე ეხება არა მარტო კერძო საკუთრების უფლების შელახვას, არამედ მედიის თავისუფლების უფლების შელახვასაც. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადება თიბისი ბანკთან დაკავშირებულ პროცესებს შეეხო. მისი ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არაერთხელ მოითხოვეს პარლამენტში მოსვლა და აღნიშნულ თემაზე საუბარი.
„ჩვენი წინადადება იყო შემხვედრი, რადგან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე იყო შესაძლებლობა ამ საკითხის განხილვისა და მოსმენის. უმრავლესობასთან წინასწარ შეთანხმებით, ჩვენმა კომიტეტმა მოაწყო ეს შეხვედრა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, მათ წინასწარ არ მოუთხოვიათ ეროვნული ბანკის წარმომადგენლების დასწრება ამ სხდომაზე.
„მათ განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ შანტაჟს ეროვნული ბანკის მხრიდან, თუმცა სხდომის მიმდინარეობის დროს, ეროვნულმა ბანკმა საკუთარ საიტზე განათავსა განცხადება, რომ არანაირ შანტაჟს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. იგი ახორციელებდა თავის მოვალეობას, რისი უფლებამოსილებაც აქვს კანონით მინიჭებული. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი. მისი დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტი არის სტრუქტურა, რომელიც უფრთხილდება მის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, გუშინდელ სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარის წერილის გაგზავნას.
„აღნიშნული უარყოფილი იქნა ბატონი გახარიას მხრიდან და უარყოფილი იქნა საქართველოს პროკურატურის მხრიდანაც. თუ ასეთი მუქარის წერილი რეალურად არსებობდა, ბატონ ხაზარაძესა და ბატონ ჯაფარიძეს გუშინ შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეყენებინათ საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნა და გაესაჯაროებინათ“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც თიბისი ბანკთან დაკავშირებით არის მიღებული, მიღებულია თიბისი ბანკის აქციონერების მხრიდან, ლონდონში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ერთობლივი წერილი, რომელიც გავრცელდა ეროვნული ბანკისა და თიბისი ბანკის მხრიდან, სადაც აღიარებულია, რომ თიბისი ბანკის აქციონერებმა შეწყვიტეს დავა ეროვნულ ბანკთან. ისინი გადაიხდიან ჯარიმას, განავრცობენ და გააუმჯობესებენ თიბისი ბანკის კორპორატიულ მართვას, შეიყვანენ დამოუკიდებელ დირექტორებს ეროვნულ ბანკში და, ასევე, ეროვნული ბანკი აღიარებს თიბისი ბანკის უპირობო ლიდერობას, მის კაპიტალიზაციას, ლიკვიდურ აქტივებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ და განვავითაროთ თიბისი ბანკი“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, საბანკო საქმეს, საფინანსო სექტორს ხმაური არ უხდება და ზედმეტმა აჟიოტაჟმა და პოლიტიზებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ინვესტორებსა და თიბისი ბანკს, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს საფინასო სექტორის. დეპუტატების განცხადებების შემდეგ, სხდომა საკანონმდებლო პროცესით გაგრძელდა. სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით „იმ პირებს, რომლებიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამ კანონის შესაბამისად არ არიან სერტიფიცირებული ბუღალტრები, სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი ენიჭებათ სამსახურისათვის წარდგენილი აუდიტორული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს გააცნო პარლამენტის დადგენილების პროექტი „2017 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 3)N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება (07-2/298, 31.12.2018) რატიფიცირების თაობაზე “
მომხსენებლის განმარტებით, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2010-2020 წლებში 300 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას ქვეყანაში ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის.
მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია და ხორციელდება 5 სასესხო ხელშეკრულება.
გიორგი კაკაურიძის იფორმაციით, 2017 წლის 19 დეკემბრის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის პროექტი 5“-თან მიმართებაში განსაზღვრულია 12 მილიონი ევროს ოდენობის სესხი. აღნიშნული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ფინანსდება თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები – ელექტროგაყვანილობა. „ცვლილების წერილი-შეთანხმება ითვალისწინებს საინვესტიციო პროგრამის – პროექტი 5-ის პროექტი 1-ის დარჩენილი თანხის თბილისის მეტროს სავენტილაციო სისტემის გამოცვლისთვის გამოყენებას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ფინანსთა მნინისტრის მოადგილემ წარმოადგინა, ასევე, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 3) N2 ცვლილების წერილი-შეთანხმება (07-2/300; 31.12.2018) რატიფიცირების შესახებ“.
მისი თქმით, 2010 წლის 21 ივნისს, საქართველოსა და ADB-ს შორის გაფორმდა ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს 2010-2020 წლებში საქართველოსთვის 300 მლნ.
აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და სრულყოფისათვის.
ამ მიზნით, გაფორმდა 5 სასესხო ხელშეკრულება. 2018 წლის 10 დეკემბრის საქართველოს მთავრობის განკარგულების და პრემიერმინისტრის ბრძანების შესაბამისად, ხელი მოეწერა 2010 წლის 5 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების N2 ცვლილების წერილ-შეთანხმებას, რომლითაც გაუქმდა ანაკლიის ნაპირდაცვის პროექტის დარჩენილი სამუშაოების შესრულება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი:
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი)“ (#07-2/286, 13.12.2018) რატიფიცირების შესახებ“. მომხსენებლის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ თხოვნით მიმათა ფინანსთა სამინისტროს, ხოლო შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ქალაქ თბილისის მყარი ნარჩენების მართვისათვის საჭირო დაფინანსების თაობაზე.
ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მხრიდან დეტალურად იქნა შესწავლილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა და განსახორციელებელი ღონისძიებები. მყარი ნარჩენების მართვის მიზნით, არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების და სათანადო ტექნიკისა და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვისათვის EBRD-მა გამოყო სესხი 15 მილიონი ევროს ოდენობით, რომლითაც დაფინანსდება: ახალი ნაგავმზიდი და მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა; ნაჟური წყლის – ლიჩეტის – სისტემის რეაბილიტაცია; არსებული გადამტვირთის სადგურის რეაბილიტაცია.
დღესვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2010 წლის 18 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმების“ (#07-2/284, 13.12.2018) რატიფიცირების შესახებ“.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის 2010 წლის 18 თებერვალს გაფორმდა
„აჭარის მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით სასესხო შეთანხმება 3 მლნ ევროს ოდენობის თანხაზე. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა და ძველი ნაგავსაყრელების დახურვა ქალაქ ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ნაგავსაყრელისთვის თავდაპირველად შერჩეული ტერიტორია, დაბა ჩაქვი, მოგვიანებით შეიცვალა.
„პროექტის განხორციელების წინასწარი ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთების პროცესში ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შერჩეული ტერიტორია, დაბა ჩაქვი მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში მოდიოდა რეგიონის განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ სტრატეგიასთან. კერძოდ, მოცემული ტერიტორიის ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან, ნაკრძალებთან, ზღვის სანაპიროსთან და სახელმწიფო მნიშვნელობის ავტომაგისტრალთან სიახლოვის გამო განიხილება, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმზიდველ ტერიტორიად. ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შეირჩა ახალი ტერიტორია -სოფელი ცეცხლაური, რომელზეც საერთაშორისო კომპანია „SWECO”-ს მიერ განხორციელდა ტერიტორიის დეტალური შესწავლა-შეფასება. ტერიტორიის ცვლილების და პროექტის დიზაინთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებიდან გამომდინარე გვიანდება ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების დაწყება. ახალი ნაგავსაყრელის პოლიგონის მშენებლობისთვის საჭიროა დაახლოებით 18 თვე. შესაბამისად საჭირო გახდა სასესხო ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პროექტის მოსალოდნელი დასრულების ვადის გაგრძელება 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
დეპუტატებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ (#07-2/283, 13.12.2018) რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის პროექტი“ 2016 წელს მოეწერა ხელი.
პროექტით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 100 მილიონი ევრო გამოუყო.
„მიუხედავად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევისა, კომერციულმა ბანკებმა სავალუტო რისკის ვალდებულება ვერ აიღეს, შედეგად ფერმერებისთვის სესხი ევროში 8-9%-იანი გამოდიოდა, რაც რა თქმა უნდა არამიზანშეწონილი იყო და მთავრობამ გადაწყვიტა სესხი გაეუქმებინა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მომხსენებლის ინფორმაციით, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებები შედგა და ახლა არის მცდელობა, რომ აღნიშნული თანხის ფარგლებში ახალი მოლაპარაკებები გაიმართოს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. თანხა ძირითადად წყალსაცავებს მოხმარდება.
სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განმარტებით, პროექტი არეგულირებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტატუსთან, დანიშნულებასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასთან, მდივანთან და მის უფლებამოსილებასთან აგრეთვე საბჭოს აპარატთან დაკავშირებულ საკითხებს.
„კანონპროექტით აგრეთვე განსაზღვრულია, რომ ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილებები „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამსახურში მიღების, მისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების შესახებ“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მნიშვნელობა ძალიან დიდია.
„მივესალმები პრემიერის ამ გადაწყვეტილებას და მთავრობის ინიციატივას, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის პირობებში, სადაც საფრთხეები, გამოწვევები, რისკები ძალიან მაღალია. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის საკითხები არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ იმოქმედოს მობილურად, დროულად და ეფექტურად“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატებმა განიხილეს, ასევე, ალტერნატიული წინადადება, რომელიც საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ევროპული საქართველო-რეგიონები“ მიერ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადდა.
სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ინიციატორის, აკაკი ზოიძის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2019 წლის პირველ თებერვლამდე უნდა შეიმუშაოს უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში დროებითი საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების გაცემის წესი.
პარლამენტის დადგენილების პროექტი ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ, პარლამენტის წევრმა, ირინა ფრუიძემ წარმოადგინა. მისი თქმით, დადგენილება პარლამენტის რეგლამენტის 227 მე-3 პუნქტის შესაბამისია. საბჭოს წევრთა რაოდენობა 16 წევრით განისაზღვრება.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ, 6 მარტს გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც მოხსენებით წარსდგება საქართველოს პრეზიდენტი.