თუ კერძო სექტორი მაღალ ფასებს დაადებს ტურისტები მხოლოდ ერთხელ ჩამოვლენ

13/06/2016

თუ კერძო სექტორი ძალიან მაღალ ფასებს დაადებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა მაგალითად წყალი, ამ შემთხვევაში ტურისტები მხოლოდ ერთხელ ჩამოვლენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ქუმსიშვილმა კერძო სექტორს მოუწოდა, დიდი ყურადღება მიაქციონ თავიანთ მარაგებს და საფასო პოლიტიკას, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ სეზონის განმავლობაში.
ქუმსიშვილის თქმით, შეხვედრაზე ყველამ კმაყოფილებით აღნიშნა Checkin Georgia-ს წარმატება.

„მინდა მოვუწოდო ჩვენს კერძო სექტორს აჭარაში, რომ რაც შეიძლება დიდი ყურადღება მიაქციოს თავიანთ მარაგებს და საფასო პოლიტიკას, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ სეზონის განმავლობაში, რადგან ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი იყოს გრძელვადიანი. შესაბამისად, თუ კერძო სექტორი ძალიან მაღალ ფასებს დაადებს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა მაგალითად წყალი და ელემენტარული რაღაცები, ამ შემთხვევაში ტურისტები მხოლოდ ერთხელ ჩამოვლენ და შემდეგ წელს ჩვენ იგივე ტურისტების ზრდა არ გვექნება. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველას, ვინც არის მომსახურების სფეროში, ვინც არის კერძო სექტორში, განსაკუთრებით ტურისტული მიმართულებით, მათ თავიანთი ფასწარმოქმნა სწორი გააკეთონ და სწორად გათვალონ ის ადამიანური რესურსი, რომელიც სჭირდებათ“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, მას გული დაწყდა, როდესაც ხედავდა, რომ ადამიანები აჭარაში შედიოდნენ კაფეში და მომსახურების მიღების გარეშე უკან გამოდიოდნენ.

„აჭარაში როდესაც ვაკვირდებოდი, გული დამწყდა, რომ ადამიანები კაფეებში შემოდიოდნენ და გადიოდნენ უკან, მომსახურების გარეშე, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მომსახურე ობიექტებს არ ჰყავდათ შესაბამისი სამუშაო ხელი. რათა სწრაფად მომსახურებოდნენ ტურისტებს, რამაც რა თქმა უნდა, დააზიანა როგორც კერძო სექტორი, რადგან ნაკლები შემოსავლები შემოუვიდათ, ასევე მთელი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0