თურქი ერის გმირული ძალისხმევით ბნელი ღამე ნათელი დილით შეიცვალა

16/07/2016

თურქი ერის გმირული ძალისხმევით ბნელი ღამე ნათელი დილით შეიცვალა და ჩვენ 15 ივლისს ამიერიდან დემოკრატიის დღედ აღვნიშნავთ, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, სიტუაციას სრულიად აკონტროლებს თურქეთის მთავრობა.

„მძიმე და გრძელი ღამე გადავიტანეთ, მაგრამ თურქი ერის გმირული ძალისხმევით ბნელი ღამე ნათელი დილით შეიცვალა – დაწყნარდა სიტუაცია, აღდგა წესრიგი და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, დაკავების პროცესი გრძელდება. ჩვენ ვცდილობთ დავაკავოთ ყველა დამნაშავე პირი, ვინც სამხედრო მოქმედებებში იყო მხილებული. ჩვენ ვცდილობთ დავაკავოთ ამ ამბოხის უკან მდგომი პირები, მაღალჩინოსნები და ამას რამდენიმე დღე დასჭირდება“, – განაცხადა ელჩმა.

მისი მოსაზრებით, თურქეთი მომხდარს რეპრესიებისთვის არ გამოიყენებს.

„ორი საათის წინ თურქეთის პარლამენტმა საგანგებო სესია გამართა და ოთხივე პარტიამ მიიღო ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც გმობს ამ ამბოხს. თურქეთის პოლიტიკური სპექტრისთვის და სამოქალაქო ისტებლიშმენტისთვის, ყველასთვის ერთიანობაა მთავარი და ახლა ისინი ერთად არიან. თურქეთის არმიის დიდი ნაწილისთვისაც მნიშვნელოვანია იგივე პოზიცია. ფეთჰულა გიულენი, ტერორისტული ორგანიზაციის თავკაცი, იდგა ამ ჯარისკაცების უკან. რა თქმა უნდა, დამატებითი გამოძიება არის საჭირო, მაგრამ ყველა ინფორმაცია, რაც დღეს ხელში გვიჭირავს, ამაზე მიუთითებს“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ფეთჰულა გიულენი უარყოფს თავის კავშირს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან.

„როგორც შეიძლებ ააიღო პასუხისმგებლობა ასეთ შემზარავ აქტზე? ჩვენ ვეძახით ამას გადატრიალებას, მაგრამ ფაქტობრივად, ტერორისტული აქტია. ტანკებიდან, ვერტმფრენებიდან უდანაშაულო ხალხს ესროდნენ. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ვინმე პასუხისმგებლობას აიღებს, მაგრამ გამოვამზეურებთ ყველა მამხილებელ საბუთს და დაინტერესებულ მხარეს მივაწვდით ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. რაც შეეხება გიულენის ექსტრადიციას აშშ-დან, როგორც ვიცით, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამართა სატელეფონო საუბარი აშშ-ს სახელმწიფო მინისტრ ჯონ კერისთან და ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ დიალოგი და მოვითხოვთ იმის გაკეთებას, რაც საჭიროა გიულენთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ელჩი მიიჩნევს, რომ ყველა გადატრიალებამ თურქეთი ათეულობით წლობით უკან დახია დემოკრატიული განვითარებისგან, მაგრამ ახლანდელი შემთხვევა განსხვავებულია იმითაც, რომ თურქული საზოგადოება ყველა თავისი ინსტიტუტით იმდენად ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების, რომ შეუძლებელია გადატრიალება წარმატებით განხორციელდეს.

„გადატრიალების ეპოქა დასრულდა არამარტო თურქეთისთვის, არამედ ის რაც მოხდა გუშინ, გახლავთ მაგალითი ყველასთვის. როცა ადამიანები ერთგულები არიან დემოკრატიული ღირებულებების, სამხედრო აქტები, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ დაამხონ დემოკრატიული ხელისუფლება, შეუძლებელია განხორციელდეს. შავი ლაქა, რომელიც გუშინ გამოჩნდა, გადაიქცა დემოკრატიის ტრიუმფად. ჩვენ ალბათ 15 ივლისს დემოკრატიის დღედ აღვნიშნავთ – ეს გახლავთ დღე, როდესაც ყველას დავანახეთ ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ აღნიშნული გადატრიალებები უკვე წარუმატებელია“, – განაცხადა ელჩმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0