თურქეთის მხარეს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება

04/10/2016

„თურქეთის მხარეს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება,“ – აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა, ბიულენთ თუფენქჯიმ ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა და მადლობა გადაუხდა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.
„დღეისთვის, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარზე მუშაობს 3 საბაჟო-გამშვები პუნქტი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ სამივე საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ერთობლივი მართვა გვექნება. ინფორმაციას გავცვლით ელექტრონულად, რაც დააჩქარებს ტრანზიტს, რასაც საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო დავალება თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, დაიწყოს ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის, „მარადიდი-მურათლის“ მშენებლობა, რისთვისაც თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობასა და სავაჭრო ბრუნვის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მნიშვნელობას.
„ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ეს ასპექტი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ყველა სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, არამედ ტრანზიტული თვალსაზრისთაც,“ – განაცხადა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენთ თუფენქჯიმ.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის დროს გამოჩენილი სოლიდარობისათვის და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკურებული იყო გადატრიალების მცდელობიდან ძალიან მოკლე ვადაში პრემიერ- მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0