თითოეულ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ როგორ გავართმევთ თავს ვირუსთან ბრძოლას

16/04/2020

“თითოეულ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ როგორ გავართმევთ თავს ვირუსთან ბრძოლას და შესაბამისად, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, ვალდებული ვიქნებით გავაგრძელოთ და უფრო მეტიც, კიდევ უფრო გავამკაცროთ შეზღუდვები. ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილის ჩათვლით, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული რეჟიმი შესაძლოა გახანგრძლივდეს. სამწუხაროდ რეალობაა, რომ უკვე მეორედ, 24 საათის განმავლობაში, დაფიქსირდა 30 ახალი შემთხვევა, რაც შიდა გავრცელების მაღალ დინამიკაზე მიუთითებს. სწორედ მობილობის შემცირების მიზნით, დღეს საზოგადოებას ვაცნობეთ ახალი შეზღუდვების შესახებ. სამწუხაროდ, ყველამ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმლურად ვცდილობდით შეზღუდვები ყოფილიყო დაბალანსებული და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული, მანქანების რაოდენობა ქუჩებში დიდად არ შემცირებულა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ მობილობა ვერ შემცირდა ისეთი სახით, რაც იყო საჭირო ვირუსის გავრცელების შენელებისთვის. აქედან გამომდინარე, მთავრობამ დაინახა ახალი აკრძალვების შემოღების აუცილებლობა, რაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებისა და დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ ეს არის გლობალური საფრთხე და რომ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი თანამოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე. შესაბამისად, თუ არ ვიქნებით სათანადოდ დამყოლი ასეთი ტიპის შეზღუდვების მიმართ და არ შევასრულებთ რეკომენდაციებს, პირველ რიგში – არ დავრჩებით სახლში და არ შევზღუდავთ კონტაქტებს, სამწუხაროდ, შესაძლოა, მოგვიწიოს უკიდურესი ზომების მიღება, რაც სრული კარანტინის დაწესებას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვხედავთ ბევრ ქვეყანაში. პრევენციული და თანმიმდევრული ქმედებების შედეგად, ასეთი ზომების მიღებას აქამდე ავცდით, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილი დაიღალა ამ შეზღუდვებით და სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა საფრთხის გაცნობიერება სრული მასშტაბით. ყველას მოგიწოდებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით შევასრულოთ რეკომენდაციები და დავემორჩილოთ შეზღუდვებს, გთხოვთ დარჩით სახლში,“ – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0