თითოეული ამ მიმართულების უკან ფინანსთა სამინისტროს ძლიერი გუნდი დგას

21/02/2024

პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუსმინა. გამოსვლის დასაწყისში მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატში, საპარლამენტო ტრიბუნით მან უკვე ოთხჯერ ისარგებლა და მისი მოხსენების დიდი ნაწილი როგორც დეპუტატებისთვის ასევე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს საქმიანობის წარდგენისას ყურადღება უკვე მიღწეულ შედეგებზე და მნიშვნელოვან სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, საგარეო სექტორსა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე და ფისკალურ პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა. ​მინისტრმა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებზე და ახალ მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც „სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA)” 2022 წლის შეფასებას ეფუძნება.

„შეფასების მიხედვით, 31-დან 20 ინდიკატორში უმაღლესი შეფასება გვაქვს. ამასთან, საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ორიენტირებულია არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ მუნიციპალურ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე. ბიუჯეტის გამჭვირვალობის განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა ადგილი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, არამედ პროგრესიც დაადასტურა და გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა 120 ქვეყანას შორის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისვე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“ 2024-2026 წლისათვის.

„დოკუმენტი კანდიდატი ქვეყნებისათვის ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა 2024 წელსაც გაძლიერდება და საჭირო პროცესების სრული ინტეგრირება მოხდება საბიუჯეტო ციკლის არსებულ კალენდარში. საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ, მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მოხსენების დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ მისი ანგარიში სრულად მოიცავდა ყველა იმ მიმართულებას, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციებს განეკუთვნება.

​„თითოეული ამ მიმართულების უკან ფინანსთა სამინისტროს ძლიერი გუნდი დგას და მსურს თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა საპარლამენტო უმრავლესობას და განსაკუთრებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადავუხადო, რომელთანაც ნაყოფიერ თანამშრომლობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0