თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს ქვეყანაში შექმნილ კეთილდღეობას

21/07/2016

ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება; თქვენს გვერდით მდგომი ხელისუფლება და არ ვქმნით დისტანციას ჩვენსა და მოსახლეობას შორის, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბაღდათში განაცხადა, სადაც რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას ბაღდათისა და ხარაგაულის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

„დღეს ბაღდათს და ხარაგაულს სჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც არის კობა ლურსმანაშვილი. კობა არის კაცი, რომლისთვისაც უცხო არ არის არც ერთი პრობლემა. ამავე დროს, ის არის კვალიფიციური ადამიანი, საერთაშორისო სამართლის პროფესიონალი და თქვენს საკითხებს პარლამენტში არა მხოლოდ დააყენებს, არამედ გადაჭრის კიდეც“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაური ადგილობრივ მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას.

„ამ ყველაფრით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველოში თითოეული ოჯახი, თითოეული ადამიანი საკუთარ თავზე იგრძნობს ქვეყანაში შექმნილ კეთილდღეობას. ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება, ყველაზე სახალხო ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ყოლია. დღეს ნაპრალი ხელისუფლებასა და ხალხს შორის არის მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენი მომავალი ნაბიჯებიც დაემყარება იმას, რომ აღმოიფხვრას საერთოდ ეს დისტანცია და საბოლოოდ ვიდგეთ ბოლომდე ხალხთან ერთად. გავითავისოთ თქვენი სიხარული და თქვენი ტკივილი“,-აღნიშნა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0