თითოეული ადამიანი მონაწილე უნდა იყოს იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში

05/06/2021

„ჩვენ, რამდენიმე წელია, რაც სრულიად ახლი ტიპის საპარლამენტო წყობაზე გადავედით და იგი პირველ რიგში თქვენს ჩართულობას მოიაზრებს. ყველანაირი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი, მათ შორის ბავშვები მონაწილე იყვნენ იმ პროცესის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სახელმძღვანელოს „რა ვიცით პარლამენტის შესახებ“? პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ცხოვრებაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მიხარია, რომ ეს ღონისძიება შედგა და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გვაქვს, რომელიც სკოლებში დარიგდება – ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნში ილუსტრაციებით მარტივად ახსნილია, რას წარმოადგენს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. აქვეა ბევრი საინტერესო დეტალი, როგორ მუშაობს პარლამენტი, როგორ ვიღებთ კანონებს. დეპუტატების გარდა პარლამენტში დიდი გუნდია, რომელიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და ეს ღონისძიებაც სწორედ მათ მიერ არის ორგანიზებული, რისთვისაც მადლობა მათ. დიდი მადლობა ყველას, პირველ რიგში ორგანიზატორებს, ვინც დიდი ენერგია ჩადო, რომ ეს ღონისძიება შემდგარიყო და რა თქმა უნდა მადლობა ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ევროკავშირის წარმომადგენლობას და გაეროს განვითარების ფონდის პროგრამას, რომელმაც საშუალება მოგვცა, დღეს ერთობლივად ეს ღონისძიება გაგვეკეთებინა“, – განაცხადა პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ.

სახელმძღვანელოს შექმნის იდეა საქართველოს პარლამენტს ეკუთვნის, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0