რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში შექმნილმა „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფმა დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო ჯგუფის წევრები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, თემატური მოკვლევით დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თემატური ჯგუფის ხელმძღვანელის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის წევრების სურვილია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური და დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო და არსამთავრობო ორგანიზაციებს მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთონ ამ პროცესში რათა სამუშაო ჯგუფის წევრებს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები და მიდგომები თემატური მოკვლევის საკითხთან დაკავშირებით.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ შევიმუშაოთ ისეთი რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც რეალურად ქმედითი იქნება და ხელს შეუწყობს ამ პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებას, რაც ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფოსათვის და არა მხოლოდ. არ არსებობს მზა რეცეპტები, რა არის კარგი და რა არის ცუდი ამ საკითხში, ყველა ქვეყანა ცდილობს შეიმუშაოს ის მიდგომები და პრინციპები, ის მექანიზმები, რომლებიც მისი რეალური და ეროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა ჩართულობას და ჩვენ სწორედ ამ პროცესში ვართ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის შეფასებით, თვითმმართველობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ მიმართულებით ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტს სწორედ მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს.
„თვითმმართველობის გაძლიერება მართლაც ერთ-ერთი საშური ამოცანაა ჩვენთვის. ვერ იქნება ძლიერი თვითმმართველობა შესაბამისი ინსტრუმენტების გარეშე და ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი არის სწორედ მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა. არის მთელი რიგი მუნიციპალიტეტები, მთელი რიგი რეგიონები, სადაც გარკვეული პროგრამები ტარდება, ოღონდ ამას არა აქვს ჯერ საკანონმდებლო სახე, ეს უფრო ინიციატივებია, რომლებიც ადგილობრივ დონეზეა. კარგი იქნება, ზოგადი ხედვა შევიმუშაოთ როგორ უნდა განვითარდეს და რა წინადადებები შევიტანოთ კანონმდებლობაში იმისთვის, რომ მოქალაქეთა ჩართულობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა თემატური მოკვლევის მიმართ კომიტეტის მიდგომისა და ძირითადი პრინციპების შესახებ საუბრისას და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი მუშაობით, საბოლოოდ, საინტერესო და სასარგებლო შედეგებამდე მივლენ.
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ იქნება ძლიერი, თუ ადგილზე მოსახლეობა პროცესებში აქტიურად არ იქნება ჩართული.
„ამ პროცესების ღიაობა და გამჭვირვალობა ხელს უწყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და საზოგადოებისათვის იმის შეგრძნებას, რომ ისინი არიან ამ პროცესის უშუალო და განუყოფელი ნაწილი, რომ მათ თავის როლი აქვთ ამ გადაწყვეტილებების მიღებაში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს დამსწრეთ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იაგო წიკლაურმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე თემატურ მოკვლევასთან დაკავშირებით საქმის კურსშია და ამ მნიშვნელოვან პროცესში ჯგუფის წევრებს პრეზიდენტის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ ასევე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან. თემატურ მოკვლევაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, შესაბამის სამინისტროებს, სამთავრობო უწყებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს დასაბუთებული წინადადებები წერილობით სექტემბრამდე უნდა წარუდგინონ, შემდეგ კი გაიმართება ზეპირი მოსმენები, რის შედეგადაც რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.