თბილისის საკრებულომ დღეს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) -ს დაფუძნებიდან 15 წლის იუბილეს უმასპინძლა. საზეიმო მიღება, NALAG -ს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა – კახა კალაძემ გახსნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ათეა-ს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე არსებულ მიღწევებზე ისაუბრა და ასოციაციას წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის 15 წლიანი საქმიანობა საკრებულოს თავმჯდომარემ და ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტებმა – გიორგი ტყემალაძემ და თამარ ტალიაშვილმაც შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გიორგი ტყემალაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს ათეასა და სამინისტროს შორის აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა ათეას პრეზიდენტს კახა კალაძესაც და განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობა ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, საკრებულოს თავმჯდომარემ ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის განვითარებაში აქტიური წვლილი შეიტანა.
„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ასეთ გამორჩეულ ღონისძიებას. მინდა მოგილოცოთ საქართველოს ადგილობრივ თავითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის დაფუძნებიდან 15 წლის იუბილე. ეს უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და თვითმმართველობების მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერება, რომ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების უკეთ მომსახურება და მათი საჭიროებების ადეკვატური დაკმაყოფილება. ამ მიზნით, იგი წარმატებულად ახერხებს საერთო საკითხების ირგვლივ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონცენტრაციას. ასოციაცია თავისი საქმიანობით გვეხმარება დეცენტრალიზაციის პროცესების განვითარებაში. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამას ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის მომხსენებლებიც აღნიშნავენ“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თამარ ტალიაშვილის თქმით კი, ორგანიზაცია ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი რეკომენდაციით დაფუძნდა, მაშინ, როდესაც საქართველომ მოახდინა რატიფიცირება „ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპული ქარტიის“ და ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის გაძლიერებას.
„დღეს ევროპა განვითარებას ხედავს მეტროპოლიების, ქალაქებისა და რეგიონების გარშემო. ახალი მსოფლიო წესრიგი ადგილობრივ ხელისუფლებას ეფუძნება. ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის მდგრადი განვითარების შეფასების ერთ-ერთ წამყვან კრიტერიუმად გადაიქცა. უკანასკნელ პერიოდში ცხადი გახდა, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება – ამ მიზნების დეცენტრალიზაციის გარეშე, რთულია. ამ პირობებში, ნამდვილად გაგვიმართლა, ათეას სათავეში ჩაუდგა მმართველი გუნდის ლიდერი, – დედაქალაქის მერი კახი კალაძე“ – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საზეიმო მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე, სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა – მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ – ეკა ბესელიამ, ასევე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – სოფიო კილაძემ.
მოწვეულმა სტუმრებმა ქვეყანაში ორგანიზაციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის პროცესში ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
საიუბილეო საღამოზე, რომელსაც ათეა-ს ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყო.