თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა შენდება, ათს კი რეაბილტაცია უტარდება. ერთ-ერთი მშენებარე სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა დაათვალიერეს. როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სამუშაოები რეგიონის მასშტაბით შეუფერხებლად უნდა წარიმართოს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით. თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა – 3 ახალი შენდება, 10 კი რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 481 ათასი ლარი და მოეწყობა სველი წერტილები. სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება და 200 მოსწავლეს ახალი სკოლა ექნება. სოფელ სიქთარვაში 150 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე განათლების სამინისტროდან გამოყოფილი 2 416 000 ლარი დაიხარჯება. სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი სკოლა აიგება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, მგფ-დან გამოყოფილია 1 124 000 ლარი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი ახალი სკოლა შენდება, ათს კი რეაბილტაცია უტარდება
07/05/2020