თემურ მურღულიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული უბნები დაათვალიერა

12/07/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ, გურიის გუბერნატორთან გია სალუქვაძესთან, გეოლოგებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს ადგილზე გაეცნო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის სოფლების მამათისა და აცანას მიმდებარედ, საავტომობილო დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთზე ვითარება ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც გზის დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციები გაიცა.
გეოლოგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ძირითადად ადგილი ჰქონდა მეწყრულ-კლდეზვავური და ღვარცოფული მოვლენების განვითარებას.
„ გურიის რეგიონში ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში დაზიანებულია ხიდები, ჩამოწოლოლია მეწყერი. გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახებისთვის გაკეთდა ალტერნატიული შემოვლითი გზა. სოფელ მელექედურში მდინარის გასწორხაზოვნების სამუშაოები მიმდინარეობს.კურორტ გომისმთაზე გზა სრულად გაიწმინდა. საკმაოდ რთული ვითარებაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. დამეწყრილია ოზურგეთთან დამაკავშირებელი გზა. ამ დროისთვის მუშაობს ადგილობრივი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მძიმე ტექნიკა, რომელიც გზებს წმენდს. დაბა ჩოხატაურში მოხდა მდინარე სუფსის კალაპოტის შეცვლა და ელექტრობოძების გადატანა. რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და არცერთი ოჯახი არ დარჩება ყურადღების მიღმა,“-აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0