ქ.თელავში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქდაგიშვილი მოადგილეებთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა – ჯემალ კორაშვილმა და გიორგი ჩარკვიანმა, რეგიონის მასშტაბით, რისკების შემცირებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
„საჭიროა მოსახლეობისა და ფერმერების მეტი ინფორმირებულობა საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და სახანძრო უსაფრთხოების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეფექტური იქნება საინფორმაციო ბროშურების მიწოდება ფერმერებისთვის და საინფორმაციო ბანერების განთავსება შესაბამის ადგილებში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია კოორდინირებას გაუწევს თითოეულ მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრას სოფლის რწმუნებულებთან და ფერმერებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, თუ როგორი სავალალო შედეგები გვაქვს, მაშინ როცა სახნავ-სათესი ფართობების გასუფთავების მიზნით, ფერმერები აგრო-ნარჩენების მართვისთვის დაწვის მეთოდს მიმართავენ. ამიტომ, თითოეულ მოსახლემდე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო შეხვედრის დროს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, მოხდება აღნიშნული ინიციატივის განხილვა და მისი გათვალისწინება სამოქმედო გეგმაში. შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. დაისახა შემდგომი თანამშრომლობის ნაბიჯები საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით.