თელავში რთველი 2017-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

24/08/2017

2017 წლის რთველის საკოორდინაციო შტაბი დღეს თელავში გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა.
„მეღვინეობის დარგის არსებული კონიუნქტურის გათვალისწინებით, 2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს. ბოლო წლებში ღვინის სტაბილურად მზარდი ექსპორტი კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შესყიდვით დაინტერესებას ზრდის. წელს, მევენახეებს არ შეექმნებათ ყურძნის ჩაბარების პრობლემა“, – აღნიშნა იური ნოზაძემ.
რთველი 2017 საკოორდინაციო შტაბის წევრები არიან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და ადგილობრივი (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) ხელისუფლების წარმომადგენლები.
შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს. მისი ინფორმაციით, „2017 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის რთველის ფარგლებში, ყურძენს 100-მდე ღვინის საწარმო ჩაიბარებს და 10 ღვინის კომპანია უკვე დარეგისტრირდა რთველის საკოორდინაციო შტაბში.
შეხვედრის მონაწილეებმა „2017 წლის რთველის ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ის პროცედურები და აქტივობები განიხილეს, რომლებიც რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვა უნდა უზრუნველყოფს. ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი – 1501. რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე: www.georgianwine.gov.ge და www.rtveli2017.gov.ge
დღესვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი კახეთის რეგიონის სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ და რთველთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს. შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ რთველი, გასული წლების მსგავსად, წელსაც ორგანიზებულად და წარმატებით ჩაივლის და არც ერთ მევენახეს არ შეექმნება ყურძნის რეალიზაციის პრობლემა.
დამატებითი ინფორმაცია: 2016 წელს ექსპორტირებული იყო 49,84 მლნ ბოთლი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 38% შეადგინა; 2017 წლის იანვარ-ივლისში – 38,3 მლნ ბოთლი, რაც 60%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე (2012 წელს – 23 მლნ, 2013 წელს – 46,8 მლნ, 2014 წელს – 60 მლნ, 2015 წელს – 36 მლნ).
შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 23 ახალი საწარმო (ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), გაფართოებულია 48 საწარმო (ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0