თეა წულუკიანი ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელსაც ამჯერად ევროპული სკოლა მასპინძლობს. ღონისძიების მიზანი მოსწავლეების ფრანგული ენითა და კულტურით დაინტერესებაა. იუსტიციის მინისტრი ადმინისტრაციის თხოვნით ამჯერად ევროპულ სკოლას ეწვია. თეა წულუკიანმა სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებთან ბულინგის თემაზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ღია გაკვეთილის ფორმატით ჩატარდა. მინისტრი დისკუსიაში ჩაება, ხოლო მოსწავლეებმა ფრანგულ და გერმანულ ენებზე წარმოადგინეს, თუ როგორია სხვადასხვა ევროპული ქვეყნის გამოცდილება ბულინგთან ბრძოლის წინააღმდეგ.
იუსტიციის მინისტრი ფრანკოფონია და როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული. ამიტომაც ის ფრანგული ენისა და კულტურის მხარდასაჭერ ღონისძიებებში სისტემატურად ერთვება. თეა წულუკიანი 28 აპრილს 23-ე საჯარო სკოლაში გამართულ ფრანგული ენის მასწავლებელთა პირველ კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელზეც ფრანგული ენის სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი განიხილეს; გაეცნენ თანამედროვე მიდგომებს − პროექტით სწავლებას, კლუბურ მუშაობას, თანასწავლებასა და სხვა ინოვაციურ მეთოდებს.
„სამწუხაროდ, ფრანგული ენა საქართველოში მილევის პროცესშია და მას დღეს მთელ საქართველოში მხოლოდ 6 ათასი მოსწავლე ეუფლება. ამ პრობლემის აღმოფხვრა, პირველ რიგში, საფრანგეთის საელჩოს მისიაა, მაგრამ საელჩოს საქართველოს ფრანკოფონთა აქტიური დახმარება სჭირდება“, − აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიების მხარდამჭერები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ენის ინსტიტუტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები.
თეა წულუკიანი ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელსაც ამჯერად ევროპული სკოლა მასპინძლობს
30/05/2018