თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის მინისტრ დავით არუთინიანს შეხვდა

20/10/2017

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის მინისტრ დავით არუთინიანს შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ სარჯველაძე, გოჩა ლორთქიფანიძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ადამიანის უფლებებისა და სამართლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. თეა წულუკიანმა სომხეთის დელეგაციას იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მართლმსაჯულების რეფორმა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად; სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატები სასამართლოში ბიზნესის ხელშესაწყობად და სასამართლოს განსატვირთად; კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა − ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც თეა წულუკიანმა შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებულმა რეფორმებმა საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და შედეგად ჩვენმა ქვეყანამ საფრანგეთისგან „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის სექტემბერში გადმოიბარა.
გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ქსელის შექმნის ინიციატივის შესახებ. ინიციატივა თეა წულუკიანს ეკუთვნის და ამის შესახებ მინისტრმა პირველად ტალინში ისაუბრა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა სამიტზე. იუსტიციის მინისტრის იდეას ევროკომისარი ავრამოპულოსი მიესალმა და ევროკომისიის შესაბამის სტრუქტურებს ინიციატივების ტექნიკურ დონეზე დაამუშავება სთხოვა. თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი აქტიურად ჩაერთვება ინიციატივის მხარდაჭერის პროცესში.
სომხეთის დელეგაცია საქართველოში ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაზიარების მიზნით და სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა. სომხეთ-საქართველოს რიგით მეორე სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს.
ქვეყნებს შორის იუსტიციის სფეროში აქტიური თანამშრომლობა 2015 წელს თბილისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყო. მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღვოდა თეა წულუკიანის ერევანში ვიზიტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0