თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება

31/05/2016

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენაში იმყოფება. მინისტრი ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ კონფერენციას დაესწრება.
2 ივნისს თეა წულუკიანი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და ბავშვთა უფლებების დასაცავად ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრებს. თეა წულუკიანი ღონისძიების მონაწილეებს იმ რეფორმებს გააცნობს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბავშვებისა და არასრულწლოვნების ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად გაატარა.
მინისტრი ისაუბრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტებზე. მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, საკნონმდებლო ინიციატივებზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება. თეა წულუკიანისა ვოლფგანგ ბრანდშტეტერის შეხვედრა 3 ივნისსაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი საქართველოს საელჩოში დადეგმილ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას. საზეიმო მიღება საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში ოთხდღიანია და ის 3 ივნისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0