თეა წულუკიანი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

19/05/2016

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე ისაუბრეს. ქართულმა მხარემ ლატვიის დელეგაციას მადლობა გადაუხადა ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ქვეყნის მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება გაგრძელდება. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე, გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა სტუმრებს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის სამივე ტალღის შესახებ ისაუბრეს, რომელიც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენაა მიმართული.
ასევე, თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს გააცნო, თუ რას გულისხმობს ქვეყანაში განხორციელებული პროკურატურის რეფორმა. მხარეებმა ისაუბრეს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზეც. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრაქტიკა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაცია თეა წულუკიანთან ერთად თბილისის იუსტიციის სახლს ეწვია.
მინისტრები იუსტიციის სახლს „Just Taxi“-ს საშუალებით ესტუმრნენ. „Just Taxi“ იუსტიციის სახლის ახალი სერვისია, რომელიც იუსტიციის სახლიდან გამოსულ მომხმარებელს ავტომობილით გადაადგილებას სთავაზობს. „Just Taxi“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მგზავრობის საფასური როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით გადაიხადოს. „Just Taxi“-ს პირველი მგზავრები დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ლატვიელი კოლეგა დზინტარს რასნაჩი იყვნენ.
ლატვიის შვიდკაციანი დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი ორდღიანია და ის 20 მაისს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0