თბილისში, ვარდების მოედანზე, ტრადიციად ქცეული, ყველის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად დაესწრო. დავით ნარმანიას თქმით, ყველის ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციას. მისივე თქმით, ასეთი მასშტაბური ყველის ფესტივალი თბილისში არ ჩატარებულა. “მნიშვნელოვანია ის, რომ ქალაქის მერია ხელს უწყობს ყველის პოპულარიზაციას, რომელიც ძალიან ბევრი სახეობისგან შედგება. ძალიან ბევრმა ფერმერმა და ინდივიდუალურმა მეწარმემ მოიყარა დღეს აქ თავი. ფესტივალზე ყველა სახეობის ყველია წარმოდგენილი იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია. აუცილებელია, ყველამ ვიცოდეთ, რა პროდუქცია იწარმოება ჩვენს რეგიონებში, რათა ამ პროდუქციით ვისარგებლოთ და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას” – განაცხადა დედაქალაქის მერმა. ყველის ფესტივალი 2016 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით იმართება, რომელიც ქართული ყველის პოპულარიზაციასა და საუკუნეების განმავლობაში დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის მწარმოებელმა 45 -მა კომპანიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა წარმოადგინა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ 60-ზე მეტი სახეობის ყველი დაეგემოვნებინათ.
თბილისში ყველის ფესტივალი 2016 გაიხსნა
06/11/2016