თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის მეორე ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მონაწილეებს საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ მიმართეს.
როგორც თეა წულუკიანმა გამოსვლაში აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ადამიანის უფლებებისა და სამართლის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა არსებობს და ამის დასტური აღნიშნული ფორუმიცაა. მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„სასამართლო რეფორმა იყო პირველი და დიდი ნაბიჯები გადაიდგა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გაზრდილიყო, რომ დანერგილიყო ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემა; პარალელურად, გავატარეთ პროკურატურის რეფორმა და გაძლიერდა ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია ღია და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის არსებობა, კორუფციის პრევენცია. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობას“ (OGP) შეუერთდა, მიმდინარე წლის სექტემბერში კი, ჩვენმა ქვეყანამ ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადმოიბარა“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში.
მიმდინარე ფორუმი რიგით მეორეა. პირველი სამართლებრივი ფორუმი 2015 წელს ერევანში ჩატარდა.
სწორედ თეა წულუკიანის ერევანში ვიზიტს (2013 წ.) მოჰყვა შედეგად სომხეთისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება 2015 წელს, რის შემდეგაც მხარეები იუსტიციის სფეროში არსებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობენ; კერძოდ, ერთობლივად მუშაობენ ნოტარიატთან, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან, სამოქალაქო აქტებისა და იურიდიული პირების რეგისტრაციასთან, ასევე, სამართლის სფეროში არსებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა
20/10/2017