თბილისში, სასტუმრო ”რედისონში” საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის ორგანიზატორია Forbes Georgia და Forbes Kazakhstan. ღონისძიება ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყაზახეთი არის, იყო და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.
”ყაზახეთს ჩვენ ქვეყანაში აქვს 300 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები განხორციელებული, მათ შორის, არის ბევრი წარმატებული პროექტი. შესაბამისად, დღეს ყაზახეთიდან სტუმრების ჩვენთან ყოფნა, მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხება ლოჯისტიკურ პროექტებს, ტრანსპორტს, იმ ბიზნესგარემოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და რომელიც არის გაუმჯობესებული.
”შევთავაზებთ იმ პოტენციალს, რომელიც უძრავ ქონებაში გვაქვს, დეველოპმენტში, ტურისტული ბიზნესის განვითარებაში. ასევე დეტალურად გავაცნობთ იმ წამახალისებელ პროგრამებს, რომელიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, მე ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, მიღებული იქნება კარგი გადაწყვეტილება, ყაზახურ და ქართულ ბიზესებს შორის კიდევ ერთხელ მოხდება დამეგობრება. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში ახალ ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს მივიღებთ და ეს ყველაფერი უკვე აისახება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ბიზნესფორუმს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ჩართულია დღევანდელ ღონისძიებაში.
”გარდა იმისა, რომ ზოგადად ბიზნესგარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ ქალაქის მასშტაბით, ასევე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე პროექტი, მათ შორის, მრავალსართულიანი პარკინგების, სასტუმროების მშენებლობის პროექტები და ა.შ, რომელიც თბილისის მერიის მხრიდან უკვე მზადაა ინტერესთა გამოსახატავად და ვფიქრობ, რომ დაინტერესებული ინვესტორები გამოჩნდებიან”, – განაცხადა ნარმანიამ.
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის გიორგი ისაკაძის თქმით, დღევანდელი ღონისძიება მიზნად ისახავს, რომ Forbes-მა დასაბამი მისცეს ტრადიციულ ბიზნესფორუმებს.
”ეს უნიკალურ საშუალებას აძლევს ქართველ ბიზნესმენებს, რომ საკუთარი პროექტები გააცნონ დამსწრე საზოგადოებას, სადაც შეიძლება ძალიან საინტერესო ბიზნესიდეა გენერირდეს და კონკრეტულად ჩამოყალიბდეს. ეს არის ის უნიკალური საშუალება, რის დასაბამსაც Forbes-ი იძლევა”, – განაცხადა ისაკაძემ.