თბილისში რეგიონის ერთიანი ენერგოქსელის შექმნის პროექტს განიხილავენ

16/03/2016

თბილისში რეგიონის ერთიანი ენერგოქსელის შექმნის პროექტს განიხილავენ. საქართველოს, ირანის, რუსეთისა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა თბილისში, აპრილში გაიმართება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, აპრილში გასამართი შეხვედრის ფაქტი დაადასტურა.

„შეხვედრა მართლაც იგეგმება აპრილში, მხოლოდ ზუსტი თარიღის დასახელება ჯერ არ შეგვიძლია. ქართულმა მხარემ ამ პროექტთან დაკავშირებით უკვე გამართა მოლაპარაკებები ერევანში, თბილისში უნდა შედგეს ამ მოლაპარაკებების გაგრძელება“, — განაცხადეს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქ. ერევანში საქართველოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციას შორის “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდმუმს ხელი მოაწერა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნას და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს ოთხივე ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, სწრაფ რეაგირებას კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებას, სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებას. რაც შექმნის ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობას, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას და მდგრადი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0