თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკვერს ბუენოს-აირესის სახელი დაერქმევა

17/07/2018

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სკვერს ბუენოს-აირესის სახელი მიენიჭება. აღნიშნულ სკვერში დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, არგენტინის იუსტიციის მინისტრი, ხერმან გარავანო და არგენტინის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქალაქ ანკარაში) ხულიან ლუის ტეტამანტი იმყოფებოდნენ. გიორგი ტყემალაძემ ხერმან გარავანოს განზრახულება გადასცა, რომლის თანახმად სკვერის სახელდება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება. როგორც გიორგი ტყემალაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნეს, 2018 წლის 26 მაისს 100 წელი შესრულდა დამოუკიდებლობის მოპოვების და პირველი რესპუბლიკის შექმნიდან და რომ არა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარება ძნელი წარმოსადგენია, როგორ განვითარდებოდა შემდგომი პროცესები.

„არგენტინის რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, აფასებს რა, არგენტინის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის საქმეში, მზად არის ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთ-ერთ სკვერს – წერეთლის გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბუენოს აირესის სახელი მიანიჭოს“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თინათინ ნიბლოშვილმა კი აღნიშნა, რომ საკითხი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ უკვე განიხილა. ახლა დარჩა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი. შესაბამისად, არგენტინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაეცათ განზრახულება, დოკუმენტი, რომელიც სკვერის სახელდების ნაწილში თბილისის საკრებულოს მზადყოფნას ადასტურებს.
შეხვედრას თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არგენტინის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0