თბილისში მდგრადი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ქართულ-გერმანული თანამშრომლობა გრძელდება

05/04/2024

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი მომდევნო სამი წლის განმავლობაში, თბილისში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის განვითარებაა. მემორანდუმს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, GIZ-საქართველოს დირექტორმა სანდრა შენკემ და აღნიშნული პროექტის დირექტორმა იან რიკმაიერმა მოაწერეს ხელი. ანდრია ბასილაიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტის მხრიდან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ახალი პროექტი Connect Georgia („დააკავშირე საქართველო“), ვფიქრობთ, იმ წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება იქნება, რომელიც აღნიშნულ საზოგადოებასა და თბილისის მუნიციპალიტეტს წლების განმავლობაში აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, ისე საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებს შორის უკვე არსებული გამოცდილების გაზიარება. მივესალმებით და წარმატებას ვუსურვებთ საინტერესო წამოწყებას. დღეს მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

თავის მხრივ, GIZ-საქართველოს დირექტორმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

„მდგრადი ურბანული მობილობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხარდასაჭერად ვიწყებთ ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც ძირითადად ორ ქალაქს – თბილისსა და ბათუმს მოიცავს. მხარეებს შორის თანამშრომლობა, ტექნიკურთან ერთად, ფინანსურ მხარდაჭერასაც გულისხმობს. ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობის მემორანდუმის იმპლემენტაცია, რომელიც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტთან გაფორმდა, მომავალი კვირიდან დაიწყება“, – განაცხადა სანდრა შენკემ.

თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს მხარეთა თანამშრომლობას პროექტის – Connect Georgia ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მდგრადი ტრანსპორტის სისტემის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ტექნიკურ მხარდაჭერას. კერძოდ, ტრენინგებს, გამოცდილების გაზიარებასა და მდგრადი ურბანული მობილობის ღონისძიებების წახალისებას.
Connect Georgia, რომლის განხორციელებაც გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ ფინანსდება და ტრანსპორტისა და მობილობის სექტორში, გერმანიისა და საქართველოს მთავრობების კიდევ ერთი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამას წარმოადგენს. ღონისძიებას თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0