თბილისში მამაკაცი მოკლეს – შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

02/03/2016

თბილისში, დიღომში მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, 68 წლის ზვიად ყამარაული, რომელიც ღამის დარაჯი იყო, სამსახურში მისვლისას თანამშრომლების და უცნობი პირების ჩხუბს შეესწრო, რა დროსაც მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

შსს-მ ჩაჩავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია:

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ღამით, თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბრალდებულებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ ამავე სახელოსნოს დარაჯთან – 1947 წელს დაბადებულ ზვიად ყ-თან, რომელსაც სახის არეში მრავლობით დაზიანება მიაყენეს. ზვიად ყ. მიყენებული მძიმე დაზიანებებისგან შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლაშა კ. და მინდია მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0