თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისში „საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის“ ჩატარდება. აღნიშნული საკითხი დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე განიხილეს. პროექტი საკრებულოს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ წარუდგინა და ფორუმის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკით, ადგილობრივ თვითმმართველობის პროცესის მონაწილე ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა და სწორედ ამიტომ გადაწყდა ახალგაზრდული ფორუმის დაფუძნება.
„გასულ წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალგაზრდა კანდიდატების ჩართულობა რეკორდულად მაღალი იყო. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდული ფორუმის დაფუძნებისა და მისი რეგულარულად ჩატარების ერთ-ერთი საფუძველი. ფორუმი ჩვენი კომისიის ინიციატივით დაფუძნდა და ორგანიზებას თავის თავზე თბილისის საკრებულო აიღებს“ – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
გარდა ამისა, კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე საკითხები და კომისიის წევრების მაჟორიტარებთან შეხვედრის შედეგად წარმოდგენილი წინადადებები განიხილეს.