თბილისს განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა მოემსახურება

15/09/2016

უახლოეს პერიოდში თბილისს განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა მოემსახურება. რამდენიმე დღეა საბაგირო სატესტო რეჟიმში ამუშავდა.
ტესტირებისას, საბაგირო გზაზე გონდოლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია ხე-მცენარეებმა. შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მხოლოდ იმ ტოტების შეჭრას, რომელიც ხელს უშლის გონდოლის გამართულ მოძრაობას.
მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გამწვანების სამსახურის უფროსთან ნინო სულხანიშვილთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეეიშვილთან ერთად დაათვალიერა.
„რამდენიმე დღეში ამოქმედდება საბაგირო, რომელიც ჭავაჭავაძის გამზირს კუს ტბასთან აკავშირებს. ახლა მიმდინარეობს ტესტირების რეჟიმი. ზედამხედველობის სამსახური აკვირდება პროცესს, რომ უსაფრთხოების ნაწილი იყოს მაქსიმალურად დაცული. გარდა ამისა, უსაფრთხოებისთვის ვაკის პარკში რამდენიმე ხე-მცენარე საჭიროებს სხვლა-ფორმირებას და ეს პროცედურები განხორციელდება უახლოეს დღეებში და ტესტირების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ამ საბაგიროს საშუალებით გადაადგილდნენ. ეს არის ერთ-ერთი კარგი პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის შექმნის უფრო მეტ კომფორტს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კუს ტბის საგაბიროს რეკონსტრუქციას ახორციელებს შპს “ბაგირმშენი”. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 1 100 000 ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0