თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად გრძელდება

01/02/2023

კახეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, 35 კმ-იანი, მონაკვეთი თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა დაყოფილია 3 მონაკვეთად: ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა. ვაზიანის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება. სამივე მონაკვეთზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ეწყობა ყრილები, საფუძვლის ფენა, რკინიგზის სახიდე გადასასვლელები, ხელოვნური ნაგებობები და მიმდინარეობს ხიდების ხიმინჯების მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარია. ასევე, სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურციხე-წნორის შემოვლით, 16.6 კმ-იან გზაზე. გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0