თბილისის ჯანდაცვის ფორუმი გაიხსნა

08/12/2016

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, „თბილისის ჯანდაცვის ფორუმი“ გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია დაესწრო. მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში ფორუმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. გამოფენაზე ფარმაკოლოგია, სამედიცინო ტექნოლოგია, აღჭურვილობა, ლაბორატორია, დიაგნოსტიკა, საავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები, სტომატოლოგიური მედიცინა, ტექნიკა, პრეპარატები და ესთეტიკური მედიცინაა წარმოდგენილი. „თბილისის ჯანდაცვის ფორუმზე“ წლის შემაჯამებელი სამდღიანი საერთაშორისო კონფერენციების სერია მოეწყობა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის კონფერენცია და ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი გაიმართება, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერების სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომები და სტომატოლოგიური ინოვაციები იქნება წარმოდგენილი. „თბილისის ჯანდაცვის ფორუმში“ წელს მსოფლიოს 10 ქვეყნიდან 62 კომპანია მონაწილეობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და 10 დეკემბერს დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0